ეს არის ნეპოტიზმის მორიგი გამოვლინება - ჩიხლაძე ტიკარაძისთვის გაგზავნილ SMS-ზე

28.03.21 12:18
ეს არის ნეპოტიზმის მორიგი გამოვლინება - ჩიხლაძე ტიკარაძისთვის გაგზავნილ  SMS-ზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ნეპოტიზმად აფასებს იმ ფაქტს, რომ "ოცნების" დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მინისტრ ტიკარაძეს ახლობლის აცრას ჩაწყობით სთხოვდა.

ეს ახალი არ არის "ოცნების" ხელისუფლებისთვის, ეს არის ნეპოტიზმის და ჩაწყობების მორიგი გამოვლენა. უბრალოდ სამწუხარო ფაქტია, რომ დეპუტატი, რომელიც კანონის გარანტი უნდა იყოს, რომელიც კანონებს სხვაზე მეტად უნდა იცნობდეს და იცავდეს, თავის თავს ნებას აძლევს, რომ ჩაწყობით და ნეპოტისტური წინადადებებით მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს. ასეთი დეპუტატების ყოფნაც სამწუხაროა პარლამენტში, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, "ტვ პირველის' კამერის ობიექტივში ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძისთვის გაგზავნილი SMS მოხვდა.  SMS ტიკარაძეს "ქართული ოცნების" წევრმა ანტონ ობოლაშვილმა მისწერა. ობოლაშვილი ტიკარაძეს კონკრეტული მოქალაქის ვაქცინაციას სთხოვდა, რომელიც დღევანდელი გეგმით ვაქცინაციის ასაკობრივ კატეგორიაში ვერ ხვდება. ვაქცინაცია  ამ ეტაპზე 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსა და ექიმებს  უტარდებათ.