წერტილი დაესვას პოლიტპატიმრების თემაზე სპეკულაციებს - "ოცნება" კომპრომისზე არ მიდის

28.03.21 13:05
წერტილი დაესვას პოლიტპატიმრების თემაზე სპეკულაციებს - "ოცნება" კომპრომისზე არ მიდის

"ქართული ოცნების" დეპუტატები მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ამბობენ, რომ პოზიციებს არ ცვლიან. მათი თქმით, პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემას არ განიხილავენ.

"ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ კომპრომისებზე არა მმართველი გუნდი, არამედ ოპოზიციამ უნდა წავიდეს.

იმ ფონზე როცა არჩევნების გაყალბება არაფრით არ დასტურდება და მხოლოდ ახირებასთან გვაქვს საქმე რეალურად ოპოზიციის მხრიდან, მნიშვნელოვანია ითქვას  რომ მთავარი კომპრომისი მოსალოდნელი უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა, - ამბობს სარჯველაძე.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც პოლიტპატიმრები არსებობენ საქართველოში, ამიტომ სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას.

არჩევნების გაყალბებებზე ვერ ვისაუბრებთ და ვერ ვისაუბრებთ ვადამდელ არჩევნებზე. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს სენატშიც ითქვა, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა პოლიტიკოსია თუ არა თუ არღვევს კანონს უნდა აგოს პასუხი, კონკრეტულად მელიას მიმართ ითქვა, რომ მან უხეშად დაარღვია კანონი, აქაც შეიძლება წერტილი დავსვათ პოლიტიკურ პატიმრების თაობაზე სპეკულაციაზე, - ამბობს მაჭარაშვილი.