გვარამია პასუხობს კითხვას ხედავს თუ არა ენმ-ს ალიანსში
კოალიცია "ცვლილებისთის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო პერიოდში "ოპოზიციური ალიანსის" სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებს.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სხდომებზე არ დადის და არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს, მათ შორის მონაწილეობა არ მიუღიათ 26 მაისის მასშტაბური აქციის მზადების პროცესში.
ნიკა გვარამია განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსიდან არავის გაურიცხავს - "ძალიან დიდი ხანია უკვე ვეუბნებით, რომ ლიდერს კი ნუ ალაპარაკებთ ციხიდან, ჩაერთეთ. არ დადიან და არ არიან ჩართულები".
"რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც ფიგურანტი არაა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელმოწერით, ფორმალურად არაფერი არ შეცვლილა, მეტსაც გეტყვით, ეს თავდასხმები რომ არის, ბოლო ადამიანი შეიძლება ვყოფილიყავი იმ ალიანში, ვინც მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" გაშვებას ალიანსიდან, ან ამის განხილვასაც კი. [...]
სააკაშვილს რომ ალაპარაკებს ჩვენთან "ნაციონალური მოძრაობა" მაშინ, როცა თავად იქ ზის. ციხეში მყოფი კაცის გახმოვანებას წერილი რატომ სჭირდება, როცა მისი პარტია იქ ზის. შეიძლება, რომ პარტია ყველაფერს ხმას აძლევდეს და მერე, მეორე დღეს მისი ლიდერისგან ვიგებდეთ, რომ პირიქით, ესე არ ვარგაო, აბა ის პარტია იქ რატომ ზის ამიხსნას, თუ მიშამ უნდა წეროს ყველაფერი, მაშინ მე და მიშას მშვენიერი წერილობითი ურთიერთობა შეგვიძლია გვქონდეს ერთმანეთთან - ვკითხავ, მიპასუხებს. "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ რისთვის არის, თუ მიშა სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს მაინც და პატიმრობაშია ეს კაცი. კონტექსტიც გაცილებით ნაკლებად იცის იმიტომ, რომ ციხიდან უყურებს ამ ყველაფერს, მოქმედების არეალი აქვს ბოლო-ბოლო შეზღუდული.
პრობლემა იმაშია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთადერთ კოზირად ხელში დაიტოვა მიშა სააკაშვილი. მთავარი კოზირი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, მიშა სააკაშვილზე ვლაპარაკობ, ვაცნობიერებ მე... პრობლემა იმაშია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ მთავარი კოზირი კი არ არის მიშა სააკაშვილი, ერთადერთი კოზირია. არ შეიძლება პარტია ლაპარაკობდეს მხოლოდ ამაზე და აკეთებდეს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებებს. [...]
თუ პარტია, რომელიც არცერთ სხდომაზე არ დადის, არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში ბოლო თვე-ნახევარია მონაწილეობას არ იღებს, (26 მაისის) მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს, გარდა იმისა, რომ სცენაზე გამოსვლა მოინდომა ბოლო მომენტში და მეორე დღიდანვე, დიდი აქცია როგორც კი დაინახა, ერთადერთი შეტევის ობიექტი გავხდით, არის თუ არა წევრი?
არავის არ გაურიცხავს "ნაციონალური მოძრაობა", ამაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობის" არჩევანი არის ის, რაც თქვენ მე ახლა მოგიყევით, თუ ეს ნიშნავს რომ წევრია, მაშინ წევრია.
რაში სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც ფიგურანტი არაა. ძალიან დიდი ხანია უკვე ვეუბნებით, რომ ლიდერს კი ნუ ალაპარაკებთ ციხიდან, ჩაერთეთ. არ დადიან და არ არიან ჩართულები," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.