მხარეებმა კომპრომისი უნდა მონახონ, ეს ევროპული გზაა - დანიელსონი

28.03.21 21:25
მხარეებმა კომპრომისი უნდა მონახონ, ეს ევროპული გზაა - დანიელსონი

მხარეებმა კომპრომისი უნდა მონახონ, ეს ევროპული გზაა -  ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლმა, კრისტიან დანიელსონმა  არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიებს ინდივიდუალურად ხვალ შეხვდება.

დღეს მთელი დღე მოსამზადებელი სამუშაოები მქონდა, იმისთვის რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე შევხვდი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი გუშინდელი განცხადება იყო საკმაოდ საინტერესო და ის დღესაც განვიხილეთ. იქ საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში მქონდა ურთიერთობა ყველა ინსტიტუციასთან, ვინც ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. მათ შორის პრეზიდენტ შარლ მიშელთან მქონდა კომუნიკაცია.მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მგონია, რომ წინა მისიამ, რომელიც განხორციელდა, მოგვცა საკითხების გაცნობის საშუალება. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო პროცესში ჩართული, მათ კარგად იციან მეორე მხარის აზრები და იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა მონახონ კომპრომისი და წინ წავიდნენ. მე და ჩემი გუნდი ამაში უნდა დავეხმაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, ამ დახმარების თვალსაზრისით. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ევროპული გზა,  - განაცხადა დანიელსონმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონის ხელმძღვანელობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების პროცესი  ხვალიდან განახლდება.