ის პირები უნდა დადგინდეს, ვინც ,,გავრილოვის ღამის“ ჩანაწერები წაშალა - ნინო ლომჯარია

30.03.21 02:22
ის პირები უნდა დადგინდეს, ვინც ,,გავრილოვის ღამის“ ჩანაწერები წაშალა - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, პროკურატურას იმ ადამიანების ვინაობის  დადგენას თხოვს, ვინც 20 ივნისს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების  ჩანაწერები წაშალა. სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ საქმის მასალებში, რომელიც მას პროკურატურაში გააცნეს, არ დევს კადრები, რომელიც შიდა პერიმეტრზე სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.
-    შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ  პროკურატურამ ამოიღო შიდა ჩანაწერები, თუმცა ეს იყო დიდი მასალა.  იმ ეტაპისთვის, როცა ამ მასალებს ვსწავლობდით, პროკურატურასაც კი არ ჰქონდეა ეს ბოლომდე შესწავლილი. ბუნებრივია, მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ დევს საქმეში ყველა ჩანაწერი. ვიცი, ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ იყო ეს ჩანაწერი წაშლილი, ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. - აცხადებს ნინო ლომჯარია.
,,გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი დაზარალებული, გიორგი სულაშვილი, არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე ისეთი ადამიანები იმყოფებოდნენ, ვისაც საკუთარი პიროვნების დაფიქსირება არ სურდა და ჩანაწერები ამიტომაც წაიშალა.
-    არ გამოვრიცხავ, რომ იმ ღამეს პარლამენტში თუნდაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო. იქ სხვა ბევრიც ისეთი იყო, ვისი პერსონაც გამოძიებას არ უნდა, რომ ჩანდეს. - აცხადებს გიორგი სულაშვილი.
ტვ პირველის შაბათის ეთერში გავიდა მასალა იმის შესახებ, რომ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე 20 ივნისს გადაღებული კადრები წაშლილია.