,, ოცნებამ“ ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხები დახურულად გამოაცხადა

30.03.21 02:35
 ,, ოცნებამ“ ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხები დახურულად გამოაცხადა

ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და  არჩილ თალაკვაძის შეხვედრა ევროპელ მედიატორ დანიელსონთან  დასრულდა. ,,ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, მაგრამ მის დეტალებზე არ საუბრობენ. ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა.  ,,ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, არის მოცემულობა“ - აღნიშნა კობახიძემ. 
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი, რომელიც მან დღეს სამეგრელოში ყოფნის დროს გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ,,რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები წითელი ხაზია და მის შეცვლას ხელისუფლებისა არ გეგმავს“. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საბოლოო სიტყვა ივანიშვილზეა და სწორედ ის წყვეტს, ,,ოცნებამ“ რა განცხადებებიც უნდა გაკეთოს სხვადასხვა  სიტუაციაში.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა გააჟღერა ის, რაც მას ივანიშვილმა დაავალა.
    

დღეს ეტყობა, უთხრეს, რომ ასე ეთქვა, ხვალ სხვას დაავალებენ, მოცემულ მომენტში რასაც ავალებს ივანიშვილი პრემიერს, ამის გაანალიზებას არა აქვს აზრი. თუ მოლაპარაკება ჩავარდება, ეს ნიშნავს, რომ ასე დაავალეს ღარიბაშვილს და ეს გააჟღერა, თუ მოლაპარაკება შედგა და შეთანხმება იქნება, მეორე დღეს გამოვა და იტყვის სხვა რამეს, როგორც ეს ბევრჯერ გაუკეთებია. - ამბობს სერგი კაპანაძე

,,ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის  ტერმინოლოგია სახელმწიფოს მეთაურის რიტორიკას არ შესაბამება. 
 

უპატივცემულობის გამოხატულებაა, რასაც აკეთებს ღარიბაშვილი. ასეთი რიტორიკით მთავრობის მეთაური არ უნდა საუბრობდეს, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს, თუმცა ღარიბაშვილის ფიგურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით წონას ვერ მივანიჭებთ მის სიტყვებს. - მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი.

,,გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი ასე ,,ოცნების“ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად საუბრობს.

ბატონი ღარიბაშვილი ელაპარაკება ,,ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს თავიანთ ენაზე, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ღარიბაშვილი ისეთია, როგორიც დატოვა ბატონმა კუბილიუსმა ორი კვირის წინ, ისევე, როგორც ,,ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, იმედი მაქვს, ეს იცის დანიელსონმა, მან ეს გაითვალისწინა და შესაბამისი გეგმით მოდის. - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ამ წუთებში ,,ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ  ხელისუფლება კრისტიან დანიელსონს  6 საათზე შეხვდება, 7 საათზე კი ევროპელი მედიატორისა და  ოპოზიციის შეხვედრაა დანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლება ოპონენტებთან მხოლოდ საარჩევნო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმებზე იმსჯელებს.