კანონით განისაზღვროს, ვინ არის ჟურნალისტი - კახი კახიშვილის ახალი ინიციატივა

31.03.21 02:59
კანონით განისაზღვროს, ვინ არის ჟურნალისტი - კახი კახიშვილის ახალი ინიციატივა

კანონმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა - აღნიშნული ინიციატივით პარლამენტის სესიაზე  „ქართული ოცნების“ წევრი, კახა კახიშვილი,  გამოვიდა. ინიციატივის საფუძველი კახიშვილის შესახებ მედიაში მომზადებული კრიტიკული სიუჟეტები გახდა. ,,ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ  ამ სიუჟეტებს სინამდვილესთან კავშირი არა აქვს. კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოს გზის არჩევა ხანგძლივი პროცესია. 


როცა სხვადასხვა მედიაში ჩემს შესახებ გასული სიუჟეტები სიმართლეს არ შეესაბამება, მე ეს უნდა გავასაჩივრო ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, ან სასამართლოში, მაგრამ ეს პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, 3-4 წელი და სრულად დაგავიწყდება, რაზე გქონდა სარჩელი. -- ამბობს კახა კახიშვილი.


,,ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა მოახდინოს ჟურნალისტის  იდენტიფიცირება.

 

ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი, არ არის. ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტია და 3 სტატუსს დაწერს?!— განაცხადა კახიშვილმა.

 

,,ტვ პირველის" შაბათის ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ასახულია, როგორ ლობირებს საქართველოს ხელისუფლება შავი ფულის გათეთრებას და ამ ფულს არჩევნებში იყენებს. სიუჟეტში ფიგურირებს კახა კახიშვილი და მისი სიძე, როგორც ფულის უკანონო ბრუნვის მფარველი, ე.წ. კრიშა. კახა კახიშვილის გაღიზიანება სავარაუდოდ, ამ სიუჟეტმა გამოიწვია.