ვიღაცამ ,,ოცნებიდან“ 2-3 დღე იარა რაგბზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაგბი განავითარონ - ირაკლი აბუსერიძე

31.03.21 03:30
ვიღაცამ ,,ოცნებიდან“ 2-3 დღე იარა რაგბზე, მაგრამ ეს  არ ნიშნავს, რომ რაგბი განავითარონ - ირაკლი აბუსერიძე


საქართველოს რაგბის კავშირის ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2019 წლის მაისიდან დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა თორნიკე გოგებაშვილი - ის ადმინისტრაციულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მესამე ვიცე-პრეზიდენტი კი ლაშა ხურციძე იქნება, რომელიც სპორტულ მიმართულებას ჩაიბარებს.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მამა, ,,ოცნების“ დეპუტატები გივი ჭიჭინაძე, გია კახიანი, მარტვილის მერი, ირაკლი ლაგვილავა - ეს არასრული სიაა იმ პირების, ვინც რაგბის კავშირის გამგეობის წევრები არიან. რაგბის კავშირის პრეზიდენტი კი ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებელი, სოსო ტყემალაძეა. 
ვეტერანი მორაგბეები სპორტის ამ სახეობის პოლიტიზირების წინააღმდეგი არიან. ვეტერანი მორაგბე და ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სოსო აბუსერიძე აღნიშნავს, რომ რაგბის გამგეობის ახალ წევრებს არა ამ სახეობის განვითარება, არამედ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.


 ვიღაცამ ,,ოცნებიდან“ შეიძლება, 2-3 დღით იარა რაგბის თამაშზე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ფარული უნარები აქვთ, რაგბი განავითარონ? ესე იგი, მათ უნარებს ჩვენ ვერ ვხედავთ.  ჩვენ გვინდა რაგბის განვითარება, მათი მიზანი კი პირადი ინტერესებია. რაგბი აქამდე აპოლიტიკური იყო. დღეს კი ის სხვას გზას დაადგა. -- ამბობს მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე არ მალავს იმ ფაქტს, რომ გამგეობის რამოდენიმე წევრი ,,ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება, მაგრამ ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ აღნიშნულ პირებს მხოლოდ სპორტის აღორძინება სურთ.

 მე ვთვლი, რომ გივი ჭიჭინაძე არის ერთ-ერთი ჩვენი საოცარი ქართველი, როგორც მორაგბე, ისე ლოტბარი. ამაზე კარგი არჩევანი არ იქნებოდა, ამიტომ გამგეობამ მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას,15 დან 3 წევრი არის, ვინც ,,ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული, დანარჩენების პარტიული წარმომავლობა არც ვიცი, ეს 3 რაგბის ქომაგია და ამაში ცუდს რას ვხედავთ? - კითხულობს სოსო ტყემალაძე.

სოსო ტყემალაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო პროექტებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა. პირველი არჩევნები ირაკლი აბუსერიძემ მოიგო, მაგრამ მას იუსტიციის სამინისტრომ ტექნიკური და იურიდიული ხარვეზები აღმოუჩინა და შედეგი არ დაურეგისტრირა.