პოზნერის ვიზიტზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას ეკისრება - ოპოზიცია

01.04.21 12:11
პოზნერის ვიზიტზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას ეკისრება - ოპოზიცია

საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრების შესახებ შსს ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია რუსი ჟურნალისტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო.

სავარაუდოდ, უმაღლესი თანამდებობის პირები და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ინფორმირებულები იყვნენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საპოლიციო კორდონის თანხლებით გადაადგილდებოდნენ ეს ადამიანები ქალაქში და არღვევდნენ კომენდანტის საათს, აკრძალვას, რომელიც მოქმედებს ყველა საქართველოს მოქალაქეზე, მაგრამ არ მოქმედებს ოკუპანტებზე, მათ შორის, პუტინის პროპაგანდისტზე, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავიგებთ ჩვენ მალე რეალურად ვინ მფარველობდა, ვინ გასცემდა საშვებს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  თინა ბოკუჩავა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ანზორ ბიწაძე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბიძინა ივანიშვილის თანხმობით მოხდა. ბიწაძე ამბობს, რომ პოზნერის ვიზიტი 20 ივნისის გაგრძელებაა, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. 

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი არის ჩამოსული მისი თანხმობით, თუ მოწვევით არა. ეს არის ჩემთვის 20 ივნისის გაგრძელება და ეს არის ჩვენი ყველას ბრალი, იმიტომ, რომ 20 ივნისი ლოგიკურად არ დავასრულეთ 31 ოქტომბერს, - აცხადებს ბიწაძე. 

საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 41 სტუმრის თანხლებით ჩამოვიდა. მათ შორის  იყო რუსული პროპაგანდისტური მედიის დირექტორი სერგეი მიხაილოვი. არსებული ინფორმაციით, სტუმრების სიაში რუსული შოუ-ბიზნესის წარმოამდგენლებიც იყვნენ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში კონცერტებს ხშირად მართავენ.