პოზნერის დელეგაციას საქართველოში გადაადგილებისთვის საშვები შსს-მ მისცა - გიორგი კანდელაკი

01.04.21 12:50
 პოზნერის დელეგაციას საქართველოში გადაადგილებისთვის საშვები შსს-მ მისცა -  გიორგი კანდელაკი

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა, ვლადიმერ პოზნერისა და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტა. გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ვიზიტის შესახებ იცოდა, დელეგაციას საშვები ჰქონდა, რომ უპრობლემოდ გადაადგილებულიყვნენ და ეს საშვი მათ მიანიჭა შსს-მ.  გარდა ამისა, კრემლის მთავარი პროპაგანდისტის დელეგაციაში საქართველოსთვის არასასურველი პირებიც იმყოფებოდნენ.

ამ დელეგაციაში ბევრი იყო საქართველოსთვის არასასურველი პირი, მათ შორის,   მიხეილ კუსნეროვიჩი, რომელიც მედვედევთან დაახლოებული და რუსეთ-საქართველოს ომის მხარდამჭერი იყო, ასევე დავიდ დავიდოვიჩი, რომელიც არის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, ახლობელი. რაც შეეხება პოზნერს, ის არის რუსეთის პროპაგანდას ვეტერანი ვარსკვლავი,  ყირიმის ანექსიისა და  უკრაინაში გაჩაღებული სასაკლაოს აქტიური მხარდამჭერი - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრიზით, პოზნერის საქართველოში შემოშვება ანალოგიურია გავრილოვის ვიზიტისა.

 -- პოლიტიკურად პოზნერის შემოშვება არაფრით განსხვავდება საქართველოში გავრილოვის შემოშვებისგან, გავრილოვისგან განსხვავებით, პოზნერი არ იღებდა მონაწილეობას საქართველოში საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ პროპაგანდის ფრონტზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რამაც საქართველო ძალიან დააზიანა - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

 

ვლადიმერ პოზნერი  41 კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოში გუშინ ღამეს ჩამოფრინდა. კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ჩვენს ქვეყანაში თავისი 87 წლის იუბილეს გადახდას აპირებდა. მისი ვიზიტი სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა გააპროტესტეს.