გასაგებია, რომ არავინ დაუჯარიმებიათ, "ოცნება" და ეს რუსული "შაიკა" ერთი "ჩაშკა-ლოშკაა - უგულავა

01.04.21 15:17
გასაგებია, რომ არავინ დაუჯარიმებიათ, "ოცნება" და ეს რუსული "შაიკა" ერთი "ჩაშკა-ლოშკაა - უგულავა


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "თბილისში არც ის და არც მისი მეგობრები არავის დაუჯარიმებიათ". 

უგულავა ამბობს, რომ ვლადიმირ პოზნერი და დელეგაციის სხვა წევრები საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩამოვიდნენ. 

"ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს გამოჩნდა. გუშინ, სასტუმრო და რესტორანი თვალთმაქცურად დააჯარიმეს. ისიც იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. განცხადება გაავრცელეს, რომ 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა ახლა აგერ ბატონი პოზნერი ამბობს, რომ არც არავინ დაუჯარიმებიათ. ალბათ არ იტყუება, რადგან ეს ხალხი შეთანხმებით იყვნენ ჩამოსულები. ავტობუსს, რომელიც სასტუმროსკენ მიდიოდა, წინ პოლიცია, უკან კი ჯარი მიუძღოდა. გასაგებია, რომ არავინ დაუჯარიმებიათ და იტყუებიან. ესენი შეხმატკბილებული ხალხია. "ქართული ოცნება" და ეს რუსული "შაიკა" ერთი "ჩაშკა-ლოშკაა"- აცხადებს გიგი უგულავა. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. საბოლოო ჯამში პოზნერმა და დელეგაციის სხვა წევრებმა საქართველო დროზე ადრე დატოვეს. 

 

მსგავსი სიახლეები