პოზნერის ჯარიმის საეჭვო ქვითარი და ოპოზიციის რეაქცია - მალე წერილს გაუგზავნიან ბოდიში, რომ ასე მოგექეცითო

01.04.21 17:29
პოზნერის ჯარიმის საეჭვო ქვითარი  და ოპოზიციის რეაქცია - მალე წერილს გაუგზავნიან ბოდიში, რომ ასე მოგექეცითო

პოზნერის ჯარიმის საეჭვო ქვითარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის ნამდვილობის დაჯერება უჭირთ ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოკუპაციის მომხრე 41 ადამიანი საქართველოს ხელისუფლებასთან თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვარს ასე მარტივად ვერ შეძლებდა. 

"დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დღეს პოზნერის დაჯარიმებაზე საუბარი აბსოლუტურად ფორმალობაა. 

ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე კომენდანტის დროს, სადღაც 21:30 საათზე ეს ჯგუფი, ორგანიზებულად, პოლიციის ესკორტით გადაადგილდებოდა. მათ პოლიცია აცილებდა - კანონს არღვევინებდა. მას შემდეგ, რაც იყო მძლავრი პროტესტი და ჩვენ დავრეკეთ 112-ში, მათ თქვეს, რომ დააჯარიმებდნენ, ამის მეტი არაფერი ვიცით"- ამბობს ხოშტარია და დასძენს, რომ ეს "იძულებითი დაჯარიმებაა". 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილიც დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პოზნერი არავის დაუჯარიმებია. 

ბავშვსაც კი ესმის, რომ მისი ვიზიტი მთლიანად შეთანხმებული და ჩაწყობილი იყო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მათ წინასწარ ჰქონდათ ხელშეუხებლობის გარანტიები მიღებული - რუსული გაგებით ბლატი. შესაბამისად მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქვითარი იყოს მოგონილი ან ქვითარი გამოწერეს და ადრესატისთვის არავის გადაუცია"- განაცხადა სამადაშვილმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კი "თუ ეს ჯარიმა გამოწერილია, მას სავარაუდოდ ხელისუფლება გადაიხდის". 

დარწმუნებული ვარ, წერილს გაუგზავნიან პოზნერს - ბოდიში, რომ ასე მოგექეცითო"- დასძინა მან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ  რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი დააჯარიმეს. უწყებამ ჯარიმის ქვითარი გამოაქვეყნა, სადაც თავად პოზნერის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის. 

ქვითარი კი 03:31 საათზეა გამოწერილი, მაშინ როცა კომენდანტის საათი უკვე დარღვეულია, საპროტესტო აქცია კი რამდენიმე საათის დაწყებული. 

საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 41 სტუმრის თანხლებით ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები