"პროვოკაცია" და "ფსევდო-პატრიოტები" - "ოცნებას" პესკოვის მადლობა უხერხულობას არ უქმნის

01.04.21 17:41
"პროვოკაცია" და "ფსევდო-პატრიოტები" - "ოცნებას" პესკოვის მადლობა უხერხულობას არ უქმნის

პუტინის პრეს-სპიკერის მადლობა  „ქართულ ოცნებას“ უხერხულობას არ უქმნის. საქმე ეხება პესკოვის იმ განცხადებას, რომელშიც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის გამო ემადლიერება. 

მოქალაქეებს, რომლებმაც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ფსევდო-პატრიოტებად მოიხსენიებს და ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღების ინიციატივაზე საუბრობს.

სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და  ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში გავარკვიოთ ვინ ვინ არის და  ამის მიხედვით, ასეთი ფსევდო-პატრიოტებიც ბევრს ვეღარაფერს მოაწყობენ, - ამბობს ოხანაშვილი.

პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გარკვეულ მედიასაშუალებებს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და პესკოვის განცხადებებს საერთო არაფერი აქვთ.

ყველაფერი, რაც შეეხება, პესკოვმა რა განაცხადა, იქ ფედერაციამ რა განაცხადა, არის მეორე საკითხი. პოლიტიკური ძალის დაქვემდებარებული მედიასაშუალებები, მათ შორის, დამფუძნებელი ვისაც ჰყავს ადამიანი, ვინც მიატოვა ბრძოლის ველზე ცხედრები ჩვენი ჯარისკაცების, ჩააბარა რუსეთს ტერიროტია, თავდაცვის მინისტრი იყო საქართველოსი, დღეს იმის მედიასაშუალება აქტიური და ვითომ ეს პესკოვის და ღარიბაშვილის რაღაცა თანხვედრა, სინერგია განცხადებებში დაინახა. ამ დროს ვერ ხედავს იმ სინერგიას, რასაც ჰქვია პროვოკაცია, - ამბობს ვოლსკი.