შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

01.03.21 12:56
 შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. 

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მომავალ სამიტზე განსახილველ საკითხებზე. 

ოფიციალურ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. 

გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. 

ასევე, საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას. ღარიბაშვილმა მიშელს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

 შეხვედრის დასრულების  შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. 

მსგავსი სიახლეები