წარუმატებლები არიან და ძალადობრივ რეჟიმზე გადავიდნენ - ოპოზიცია "ოცნებაზე"

05.04.21 11:37
წარუმატებლები არიან და ძალადობრივ რეჟიმზე გადავიდნენ - ოპოზიცია "ოცნებაზე"

ბათუმსა და რუსთავში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებულს უწოდებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ წარმატებას ვერცერთ სფეროში ვერ მიაღწია, შესაბამისად, ოპონენტების იერიშზე გადავიდა. 

მათ არ შეუძლიათ არანაირი პრობლემის გადაწყვეტა. ახლა საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხის ქვეშაა, პანდემია კიდევ მობრუნდება იმიტომ, რომ ვაქცინაცია ჩააგდეს, ეკონიმიკაში რა ხდება, ხვდებით და არაფრის მიღწევა არ შეუძლიათ და ერთადერთი, რითაც საზრდოობენ და ასაზრდოობენ სამხარაძისნაირ, ბოდიში ამ კონტექსტისთვის, ძონძებს, ძალადობრივ რეჟიმზე გადავიდნენ.  9 წლის მერე ისევ გვიჭერენ, ისევ ძალადობენ, ოპოზიციაზე ცოცხებით დარბიან, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე. 

ამაზე აზრს იზიარებს პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. ბუაძე  ამბობს, რომ ხელისუფლებას ცოცხებზე საუბრის გარდა სათქმელი აღარაფერი დარჩა. 

ყოველდღიურად გვესმის ძალადობრივი გზავნილები  ოპოზიციის მიმართ და ეს რიტორიკა და მოწოდებები, რასაკვირველია, მათ ამომრჩეველში ახალისებს ძალადობრივ ქმედებებს. ზუსტად ამას უკავშირდება გუშინდელი ინციდენტი და „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის მე-9 წელს სხვა არაფერი დარჩა სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა ცოცხებზე საუბრისა და აი, ამ ძალადობრივი მოწოდებებისა, - ამბობს ბუაძე.

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ და ქვეყანაში  მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა ცოცხებით გააპროტესტეს. ამის პარალელურად, გუშინვე რუსთავში „ნაციონალრუი მოძრაობის“ საკრებულოს წევრი დაჭრეს.