"ოცნების" და ღარიბაშვილის ნაცადი პრაქტიკა - ოპოზიცია ძალადობრივ ქმედებებში ხელისუფლების ხელწერას ხედავს

05.04.21 13:29
"ოცნების" და ღარიბაშვილის ნაცადი პრაქტიკა - ოპოზიცია ძალადობრივ ქმედებებში ხელისუფლების ხელწერას ხედავს

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მათი აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების ხელწერაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით მძიმე პოლიტიკური  და ეკონომიკური კრიზისიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს. 

ეს არის „ქართული ოცნების“ და კერძოდ, ღარიბაშვილის ნაცადი პრაქტიკა. ის ყოველთვის ასე რეაგირებს კრიზისულ სიტუაციებში, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით ახდენს რადიკალიზაციას და პოლარიზაციას მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება მუშაობდეს ამ მიმართულებით, ის სახელმწიფო რესურსს ხარჯავს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმებისათვის, -ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლელა ქებურია.

ამავე აზრს იზიარებს „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობრივი ფაქტები ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული. 

არ მჯერა, რომ ეს ძალადობის ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში გახშირდა, ორკესტრირებული არ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან მაგონებს ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის პირველი ფაზა რომ ჰქონდა პერიოდს, როცა ძალადობრივი ჯგუფები მაშინ ზედმეტად აქტიურობდნენ. ახლაც ხომ გასაგებია, რომ ეს ადამიანები თავისით არ იკრიბებიან  და ასეთ რაღაცეებს თავისით არა აკეთებენ. დავალებას იღებენ, მერე ორგანიზდებიან და მერე აკეთებენ. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ყურადღების გადატანა სხვა რაღაცაზე, ეს არის კარგი საშუალება, რომ ვიღაცას სცემენ, ვიღაცას დაჭრიან, ვიღაცას მიუვარდებიან, - ამბობს ჯაფარიძე.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა, ხელისუფლების ამგვარ ქმედებებს ცეცხლთან თამაშს უწოდებს. გუგავა  „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გააქტიურების შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამორიცხავს. 

მათ ჰგონიათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე თამაშით შეინარჩუნებენ ძალაუფლებას და ამაზე გადაიტანენ მთლიანად ყურადღებას. ამაზეა ეს ყველაფერი გათვლილი და პირდაპირ იმართება ცენტრიდან. არ არის სპონტანური აქცია, ეს არის ცეცხლთან თამაში და თუ დროზე აღკვეთილი არ იქნება, შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირების ალში გაეხვეს ჩვენი ქვეყანა, - აცხადებს გუგავა. 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ და ქვეყანაში  მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა ცოცხებით გააპროტესტეს. ამის პარალელურად, გუშინვე რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი დაჭრეს. 

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი შტურმი 9 აპრილს დააანონსა.