ოპონენტებზე თავდასხმა "ოცნების" ხელწერა არ არის - მმართველი გუნდი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს

05.04.21 13:44
ოპონენტებზე თავდასხმა "ოცნების" ხელწერა არ არის - მმართველი გუნდი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს

მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციაზე თავდასხმა მათი ხელწერა არ არის. „ქართული ოცნების“ წევრი, ალუდა ღუდუშაური, ხელს ისევ ოპონენტებისკენ იშვერს და ამბობს, რომ ქვეყანაში არეულობა სწორედ მათ სურთ. 

არანაირი წახალისება არ ხდება, თუმცა, რაც ჩვენ საზოგადოებაში დღესდღეობით არის და პოლიტიკურ ძალებს შორისაც, ეს არის, სამწუხაროდ, პოლარიზაცია და ეს პოლარიზაცია ბევრ რამეს ემოციურად განაპირობებს. ამიტომაც არის მნიშნელოვანი შეთანხმება, თუმცა დავფიქრდეთ, ის, ვისაც არ სურს შეთანხმება, რა სურს მაშინ მას? მას სურს სწორედ ეს პოლარიზაცია. მათ სურთ, ამით გამოიწვიონ არეულობა, ამით აამღვრიონ რამენაირად წყალი და გამოსტაცონ ძალაუფლება ხალხს, - ამბობს ღუდუშაური.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის, თქმით, როდესაც ძალადობა პერმანენტულ ხასიათს იღებს, არ არის გამორიცხული, ნერვებმა მეორე მხარესაც  უმტყუნოს.

„ქართული ოცნების“ სტილი ძალადობა და შეურაცხყოფა არ არის, მაგრამ როცა შეურაცხყოფა იღებს მუდმივ ხასიათს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ემოციებმა უმტყუნოს ნებისმიერ ადამიანს, - ამბობს ხუნდაძე.

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ და ქვეყანაში  მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა ცოცხებით გააპროტესტეს. ამის პარალელურად, გუშინვე რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი დაჭრეს. 

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი შტურმი 9 აპრილს დააანონსა.