ძვირადღირებული მანქანები სახელმწიფო უწყებებში - ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ

05.04.21 15:21
ძვირადღირებული მანქანები სახელმწიფო უწყებებში - ექსპერტები არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ

ავტომობილების შესყიდვის ახალი სერია სახელმწიფო უწყებებში -  ხელისუფლება ავტოპარკის გასაახლებლად  მხოლოდ ამ თვეში 8 მილიონს ხარჯავს, აპრილის დასაწყისში მანქანების შესყიდვა მოითხოვეს შსს-მ, ჯანდაცვის სამინისტროს სიპებმა, საჯარო რეესტრმა, თბილსერვის ჯგუფმა.  ყველა მათგანის მოთხოვნაა, რომ ავტომობილები უახლესი მოდელის უნდა იყოს. 

კორუფციის მკვლევარები ამბობენ,რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქამრების შემოჭერის ნაცვლად კომფორტს არ იკლებენ. 

ეკონომიკური კრიზისის დროს არ აინტერესებთ მოსახლეობა, როცა ელემენტარული საჭმლის ფული არ აქვს ხალხს, ხელისუფლება, საჯარო სტრუქტურები განაგრძობენ ავტოპარკის შეძენას. ჯანდაცვის სამინისტროს ლამის შსს-ზე დიდი ავტოპარკი აქვს, ძალიან ბევრი თანამდებობის პირს ემსახურება ავტომობილი და არარაციონალური ხარჯვაც აღარ ჰქვია ამას, ეს არის პირად კომფორტზე ზრუნვა და დავიწყება იმის, რომ ეკონომიკური კრიზისი აქვს ქვეყანას," - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ მანქანების შესყიდვის საქმით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.  

პანდემიის პრიობებში მილიონობით ლარს სხვადასხვა უწყება დამატებით მანქანების შესასყიდად ხარჯავს, რაც არარელევანტურია, მერე საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაა. აუდიტის სამსახურმა შეაფასოს მათი ეს ქცევა, თუ არადა მოვა დრო, ყველა პასუხისმგებელ პირს მოეთხოვება პასუხი, ესე ესმით ქამრების შემოჭერა,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.