ნიკა მელიამ შესაძლოა, ციხე დატოვოს - ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

05.04.21 15:35
ნიკა მელიამ შესაძლოა, ციხე დატოვოს -  ოპოზიცია ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ნიკა მელიამ შესაძლოა, საპატიმრო  დატოვოს. სასამართლოს პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული. ოპოზიციური ლიდერის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გადახედვას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ამ წინადადებას დათანხმდება, ნიკა მელია, შესაძლოა, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

 მოვლენების ასეთ განვითარებას უფლებადაცველები ნაკლებად ვარაუდობენ. ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის, თქმით, მოსამართლე იმ პოზიციას გააჟღერებს, რასაც ხელისუფლება შეუკვეთავს. 

მოსამართლეს ვალდებულება აქვს, არა უგვიანეს 17 აპრილისა გადასინჯოს აღკვეთის ღონისძიება, რამდენად არის საფუძველი, ასე ვთქვათ, პატიმრობის განგრძობადობის . დიდი ალბათობით, მოსამართლე სწორად ამ სასამართლო პროცესზე იმსჯელებს, ნიკა მელიასთან მიმართებაში რამდენად არის უალტერნატივო პატიმრობა. რა თქმა უნდა, ილუზია არავის გვაქვს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოზე გაჟღერდება პოლიტიკური პოზიცია, რაც აქვს მიღებული ხელისუფლებიდან. ნიკა მელიას დაკავება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე, მისი გათავისუფლება იქნება პოლიტური გადაწყვეტილება, - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი. 

პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს ოპოზიციასაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე, ნიკა მელიას უკანონო პატიმრად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი საკანში გამომწყვდევა „ქართული ოცნების“ დღის წესრიგია. 

საქართველოს ხელისუფლებას მაინც მოუწევს იმ უგუნური გადაწყვეტილების გადახედვა, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს ნიკა მელიასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შეჯერებულია აზრი იმაზე, რომ ნიკა მელია არ უნდა იყოს იქ, სადაც არის, იმიტომ, რომ არ არის ეს კანონიერი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესიგი, - ამბობს კრიკიტაძე. 

,,პოლიტიკურ აქტს" უწოდებს ნიკა მელიას დაპატიმრებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა. მისი თქმით, სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ მიიღებს. 

ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე გათავისუფლება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი. სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს, ამიტომ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ძნელია პროგნოზირება. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უბრალოდ გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ივანიშვილისთვის მისაღებია. მე მაინც მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ნიკას 8-ში გარეთ ვიხილავთ, - ამბობს უგულავა. 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, გიორგი გუგავა, ამბობს, რომ 8 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება ხელისუფლების ტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას აირჩევს ის; გააგრძელებს პოლარიზაციას, თუ  საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს გაითვალისწინებს. 

ერთგვარი ტესტი იქნება ეს, თუ ისინი გაათავისუფლებენ მელიას, ე.ი. შესაძლებელია გარკვეულწილად მოლაპარაკებების გაგრძელება. თუ კვლავ დატოვეს პატიმრობაში მელია, ეს იმას ნიშნავს, რომ რადიკალიზაცია გაგრძელდება პროცესის, - ამბობს გუგავა.