ბრალდებულ სპეცრაზმელსა და მის ჩინოვნიკ ძმას გომელაური მფარველობს - ახალი დეტალები შიდა ქართლიდან

06.04.21 17:15
ბრალდებულ სპეცრაზმელსა და მის ჩინოვნიკ ძმას  გომელაური მფარველობს - ახალი დეტალები შიდა ქართლიდან

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებაში მონაწილე სპეცრაზმელი, ზაზა ელანდიშვილი სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა. მას გამოძიება სიცოცხლის ხელყოფის ჯგუფურად მუქარას ედავება. 

საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ლელა ლობჟანიძეს. 

მისი თქმით, გარდაცვლილი ქმრის ძმისშვილები  მას სიცოცხლის მოსპობით ღიად ემუქრებოდნენ და ამის დამადასტურებელი ვიდეო-მტკიცებულებაც გააჩნია. 

​როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, ზაზა ელანდიშვილი სპეცრაზმელია, ხოლო მისი ძმა, თამაზ ელანდიშვილი, ქარელის სპორტის აიპ-ის თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ძმებ ელადიშვილებს  ბრალი დღეს, მუქარიდან 9 თვის თავზე, წარუდგინა.

ტელეკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ძმებ ელანდიშვილებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მფარველობს. 

ზაზა გულიაშვილი სპეცრაზმელია, მისი ძმა კი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანს არაერთი ბინძური საქმის შესასრულებლად იყენებენ. სწორედ ამან გამოიწვია ბრალის გაჭიანურება. სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდნენ, ამის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება გაგვაჩნია. საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც. მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ადამიანს სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობა არ შეჩერებია. მიუწვდება იარაღთან ხელი. დღესაც არ ვარ დაზღვეული, რომ მუქარას სისრულეში არ მოიყვანენ- თქვა "ტვ პირველთან" ლობჟანიძემ.