ოპოზიციის გეგმები და გაუარესებული ეპიდვითარება - ხელისუფლების ოპონენტები ლოქდაუნს არ გამორიცხავენ

06.04.21 17:36
ოპოზიციის გეგმები და გაუარესებული ეპიდვითარება - ხელისუფლების ოპონენტები ლოქდაუნს არ გამორიცხავენ

 ოპოზიციის გეგმები და დამძიმებული ეპიდვითარება - ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ 15 მაისს დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ოპოზიცია ჯერჯერობით  სამოქმედო გეგმას არ ცვლის, თუმცა ხელისუფლებისგან  რეპრესიული პოლიტიკა ახალი ლოქდაუნის ფორმით გამორიცხული არ არის.

ჯერჯერობით არ გვაქვს მხედველობაში დღის წესრიგის გადახედვა. ჩვენ ვაგრძელებთ იმ კამპანიას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რეგიონებში გასვლა და 15 მაისს ძალიან დიდი პროტესტი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ის რომ, მაგალითად, შეიძლება, ქალაქებს შორის გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდონ, როგორც აქამდე გაუკეთებიათ, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეპრესიული პოლიტიკის კონსტრუქცია აი ამ ლოქდაუნის გამკაცრების პირობებში ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელია, - ამბობს დეკანოიძე.

„ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე, თვლის, რომ გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუთვალისწინება არასწორი იქნება. 

რასაკვირველია, პანდემია გავლენას ახდენს ჩვენი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე და მისი არგათვალისწინება ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება, -ამბობს საბა ბუაძე.

ამავე აზრს იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძეც.

პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინება მოგვიწევს, ცხადია და ოპოზიცია აუცილებლად გაითვალისწინებს მდგომარეობას იმიტომ, რომ არ შეიძლება, ადამიანების ჯანმრთელობა და მდგომარეობა დავაყენოთ ხიფათის ქვეშ, განსხვავებით ხელისუფლებისგან, მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებთ ფორმას, რომელიც იქნება შესაბამისი პანდემიის ხარისხთან, - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

მოსალოდნელ ლოქდაუნთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება კოვიდინფიცირებულების სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის.

მე მგონია, რომ ხელოვნურად ზრდიან სტატისტიკას იმისთვის, რომ ხელახლა ჩაგვკეტონ და ყველაფერი მიჰყავთ აქეთკენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ მოასწრონ ჩაკეტვა აღდგომამდე, როდესაც ადამიანებს ტრადიციულად სურთ, გავიდნენ საფლავებზე- ამბობს ჯაფარიძე.

რეგულაციების გამკაცრებას არც  „ქართულ ოცნებაში“ გამორიცხავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები კორონავირუსის გავრცელების მაპროვოცირებელია. მათ თქმით, თუკი საპროტესტო აქციები მაინც გაიმართება, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. 

გამკაცრება რეგულაციების გახდება თუ არა საჭირო, ეს დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს, შესაბამისად, ეპიდვითარების გართულების შესაძლებლობა იკლებს. რა თქმა უნდა, ქუჩის აქციები ამას უწყობს ხელს და დანონსებული ოპოზიციის მხრიდან ხალხმარავალი აქცია იქნება რისკი იმისა, რომ მრავლად იყოს დაინფიცირება. ისინი დღეს ცდილობენ,  რომ შეიყვანონ სახიფათო ეპიდემილოგიურ თამაშში საკუთარი ამომრჩეველი, -ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე.