გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი "ოცნების" დამსახურებაა - მმართველი გუნდი

07.04.21 11:40
გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი "ოცნების" დამსახურებაა - მმართველი გუნდი

პირველი დაპირისპირება  „ქართულ ოცნებასა“ და გიორგი გახარიას შორის.  გახარიას თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით IRI-ს კვლევის ვრცელ მიმოხილვას ავრცელებს. სიჭინავა წერს, რომ იმ 35 %-ის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ნაწილი გახარიას მხარდამჭერები არიან და პრემიერის წასვლასთან ერთად  მმართველ პარტიას მხარს აღარ უჭერენ.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ,  რომ  ის 65% , რომელიც გიორგი გახარიამ მიიღო, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ნდობას არა გიორგი გახარიას, არამედ „ქართულ ოცნებას“ უცხადებს.

ეს არის გუნდი და საზოგადოება ნდობას უცხადებს გუნდს, ნდობას უცხადებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც არის იდეები და ამ იდეების განხორციელება ჩვენ საზოგადოებას წარმოუდგენია ჩვენს გუნდთან ერთად, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

„ქართული ოცნების“ წევრი, დავით სერგეენკო, ამბობს, რომ სოციალური გამოკითხვების ნაკლებად სწამს და რეიტინგის  უტყუარი  განმსაზღვრელი მხოლოდ  არჩევნებია. 

სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში პირადად ყოველთვის კითხვებს აჩენდა ხოლმე. რეიტინგების განსამზღვრელი ერთადერთი უტყუარი საზომი არის არჩევნები. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ „ქართული ოცნების“ წევრი იყო, ამაში ნამდვილად ლოგიკა არის, - ამბობს სერგეენკო.

მმართველი გუნდის მოსაზრებას გარკვეულწილად ოპოზიციაშიც იზიარებენ.  ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი დიდწილად  „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.  მათი შეფასებით, გიორგი გახარიას რეიტინგის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან მის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებიც  ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. 

გახარიას მეტი წვლილი ჰქონდა, თუ ნაკლები, ამას მნიშვნელბა არ აქვს. ალბათ განმსაზღვრელი წვლილი მაინც ივანიშვილისაა და რაღაც წვლილი გახარისასც ჰქონდა. თუ ის რეალურად იქნება ივანიშვილის ოპოზიცია, მაშინ მას მოუწევს ამ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და კონრეტული რამის თქმა , აპირებს თუ არა მაგალითად, შეუქმნას კოალიცია და გაახანგრძლივოს ივანიშვილის მმართველობა, თუ ამას აპირებს, ის ჩვეულებრივი „ოცნება 2“ იქნება, - ამბობს უგულავა.

,,ნაციონლაური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ამბობს, რომ ახალი კვლევის პირობებში რეიტინგები განსხვავებული იქნება. 

მისი რეიტინგი არის „ქართული ოცნების“ რეიტინგი, პლიუს მისი პირადი რეიტინგი, პლიუს ივანიშვილის რეიტინგი. ეს არის ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი რეიტინგი. ის აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, როცა ჩატარდება სხვა კვლევა, - ამბობს რომან გოცირიძე.

IRI-ს კვლევები გიორგი გახარიას გუნდის წევრების პოლიტიკური განაცხადის საფუძველი გახდა. ისინი ამბობენ, რომ ეს პერსონალური რეიტინგია და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან საერთო არაფერი აქვს. 
 

მსგავსი სიახლეები