ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, მივცემ დეტალურ ჩვენებას - მუხთარლი

07.04.21 13:13
ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, მივცემ დეტალურ ჩვენებას - მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საგამოძიებო უწყებაში ჩვენებას ხვალ მისცემს. მუხთარლი ამბობს, რომ მას საგამოძიებო უწყების რეაგირების იმედი არ აქვს, თუმცა დეტალური ჩვენების მიცემას მაინც აპირებს. 

ჩემი საქმე, როგორც გამიტაცეს დედაქალაქის ცენტრიდან, იცის ყველამ დეტალურად, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული საგარეო საქმეთა სამინისტროთი და აღარ ჩამოვთვლი. ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე. ყველამ თავიდანვე ყველაფერი კარგად იცოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიციამ. მოლოდინი იმისა, რომ რამე შეიცვლება ჩემი გამოკითხვის შემდეგ, არ მაქვს. მივცემ დეტალურ ჩვენებას, ვითანამშრომლებ სრულყოფილად გამოძიებასთან. საკმაოდ საეჭვოდ მეჩვენება საზღვარზე შეყოვნება. გამთენიას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გაურკვეველი მიზეზით 2 საათით გამაჩერეს, არ მიშვებდნენ ქვეყანაში, - ამბობს აფგან მუხთარლი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში დღეს დილას ჩამოვიდა. 

მუხთარლის თქმით, ქართველი მესაზღვრეები მას საქართველოს  ტერიტორიის გადმოკვეთის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ. 

აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან საზღვარზე არ გამოატარეს. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მისი თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მუხთარლის 6 წელი მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები