ივანიშვილი არა მარტო პოლიტიკიდან წავიდა, ქონების დიდი ნაწილი ქართველს ხალხს გადასცა - პაპუაშვილი

07.04.21 17:22
ივანიშვილი არა მარტო პოლიტიკიდან წავიდა,  ქონების დიდი ნაწილი ქართველს ხალხს გადასცა - პაპუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ "ქართული ოცნების" დაფინანსება "ოცნების" დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს კითხვის ნიშნებს არ უჩენს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი ქართველ ხალხს გადასცა. 

ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ პოლიტიკიდან წავიდა, თქვენ იცით, რომ საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი სრულად გადასცა საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. ასე რომ, მისი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ქართველის ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო, აშკარა, კითხვის ნიშნებს არ იწვევს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, რომ მან გააგრძელოს ის ცხოვრება, რაც მან აირჩია - ამბობს პაპუაშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთა, ის პარტიის დაფინანსებას მაინც განაგრძობს. მისმა ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა, "ოცნებას" 50 ათასი ლარი 26 იანვარს შესწირა.

პარტიების შემოწირულობების ოფიციალური საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს "ოცნებას" 3 მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველთა სია წლიდან წლამდე არ იცვლება. პარტიებს შორის "ოცნებას" ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. 

 

 

მსგავსი სიახლეები