"ოცნებას" რუსეთის გაღიზიანების ეშინია - ოპოზიცია ზალკალიანის დაგვიანებულ რეაქციაზე

08.04.21 12:35
"ოცნებას" რუსეთის გაღიზიანების ეშინია - ოპოზიცია ზალკალიანის დაგვიანებულ რეაქციაზე

საქართველოს ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას დონბასში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან რუსული ინტერესების გატარებასა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

,,დემოკრატიული მოძრაობა-საქართველოს" ლიდერი, ანზორ ბიწაძე, აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს დღესაც ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ობიექტური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

 ივანიშვილის პირობებში საქართველოს საერთოდ არა აქვს საგარეო პოლიტიკა, უბრალოდ ეშინიათ, რამე ისეთი არ წამოსცდეთ, რაც რუსეთს გააღიზიანებს -ამბობს ანზორ ბიწაძე.

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი კანდელაკი თვლის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქცია უკრაინასთან მიმართებაში მოვალეობის მოხდა იყო.  

 ეს არის მოვალეობის მოხდის მიზნით განხორციელებული ზარი და ის ვერ გადაფარავს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეროზიისა და რუსეთის მიმართულებით გადახრის ფაქტს - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

,,ლელოს" წარმომადგენელი,   გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორის ბედით არ არის დაინტერესებული.

 სანამ ზალკალიანი მთელმა საქართველომ და საქართველოს პარტნიორებმა არ გამოაფხიზლეს  და გამოიყვანეს იმ საღათას ძილიდან, რომელშიც საგარეო პოლიტიკა იმყოფება ამ ხელისუფლების პირობებში , იქამდე არც კი გახსენებია ოფიციალურად უახლოესი და უმჭიდროესი პარტნიორის ბედი. ეს არის სახელმწიფოს კაპიტალენტური პოლიტიკის გამოხატულება - ამბობს გრიგოლ გეგელია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში 26 მარტს მიიტანეს, თავდასხმის შედეგად 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაჭრილები. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მხოლოდ გუშინ გამოეხმაურა. უკრაინის თემაზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს.