მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით - ღარიბაშვილი

01.03.21 22:55
მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღარიბაშვილის თქმით, კონსულტაციას გაივლის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან და ამის შემდეგ აცნობებს მმართველი გუნდი საზოგადოებას გადაწყვეტილებას.

"შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა და მოწოდება იყო, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც ჩვენს ერს გააერთიანებს. საერთო ეროვნული თანხმობა სჭირდება ჩვენს ერს რეალურ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შეიძლება, გვქონდეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგა, მოლაპარაკებები 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.  შეხვედრაზე შედგა ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც არის გაწერილი 6 პუნქტი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მსგავსი სიახლეები