საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა

15.04.21 15:43
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის  უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოუცხადა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.  

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვლადემირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. 
სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა  პროვოკაციების მიმართ უკრაინის გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს, -   ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.