"ოცნების" გამქრალი თავმჯდომარე - სად არის ირაკლი კობახიძე?

05.03.21 13:38
 "ოცნების" გამქრალი თავმჯდომარე - სად არის ირაკლი კობახიძე?

"ოცნების" გამქრალი თავმჯდომარე  - მეორედ მოსულმა პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, პარტიის ახალი თავმჯდომარეც ჩაანაცვლა. პოლიტიკური კრიზისის დროს ირაკლი კობახიძე გაუჩინარებულია. მაშინ, როდესაც კობახიძე თითქმის ყველა ბრიფინგსა და კომენტარზე განცხადებას აკეთებდა, დღეს მედიის წარმომადგენლები პარლამენტის დერეფნებში  ეძებენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე საჯარო სივრცეში მას შემდეგ აღარ ჩანს, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. კობახიძე პარლამენტის შენობაში მედიისა და კამერებისთვის შეუმჩნეველად გადაადგილებას ცდილობს და  თუკი ეს ასე არ მოხდა, ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხს თავს არიდებს.

ირაკლი კობახიძის გაუჩინარების შესახებ შეკითხვები უცნაურად ეჩვენებათ  „ქართული ოცნების“ წევრებს. ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ პარტიაში დიდი  დაპირისპირებებია.

როდესაც რეჟიმი უახლოვდება დასასრულს, იქ ყოველთვის იწყება ძალიან ველური შიდა დაპირისპირება და შიდა ბრძოლები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხდება ახლა „ქართულ ოცნებაში“, იმიტომ, რომ რეალურად, გახარიას გადადგომა ეს იყო სიგნალი იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაკარგა ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში და მიდის დასასრულისკენ და ეს პოლიტკური ძალა და მათი მმართველობის ხანა, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი.