სკანდალური აუდიოჩანაწერი ბერას მონაწილეობით - ოპოზიცია სათათბიროდ იკრიბება

08.03.21 11:25
სკანდალური აუდიოჩანაწერი ბერას მონაწილეობით - ოპოზიცია სათათბიროდ იკრიბება

ოპოზიცია სათათბიროდ იკრიბება. „ლეიბორისტული პარტიის ოფისში“ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიკრიბება. განხილვის მთავარი თემა ის სკანდალური აუდიოჩანაწერები იქნება, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასაჯაროვდა.

შეხვედრაზე ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს, გააგრძელებს თუ არა მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან და თუკი გააგრძელებს, რა ფორმით მოხდება ეს. ასევე, იმსჯელებენ პროტესტის ფორმაზეც. განხილული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის საკითხიც.

ძალიან მნიშნელოვანი შეხვედრაა, რომელზეც განვიხილავთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დღეს არის, მათ შორის, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის კუთხით.  მოლაპარაკებების მომავალ ეტაპი ჩატარდება თუ არა, ჩვენ საერთო პოზიციას შევაჯერებთ. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. მე ვთვლი, რომ მორალურად და ეთიკურად ძალინ მძიმეა ღარიბაშვილთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, მათ შორის, როცა ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის ობიექტი და გამოძიების ობიექტი, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციასთან შეთანხმების მისაღწევად ხელისუფლებას დრო 16 მარტამდე აქვს.   16-ში პრემიერი  ბრიუსელში უნდა ჩავიდეს, რათა  შარლ მიშელს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა გაკეთდა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.