მორალურად მიუღებელია - ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკებებში პრემიერის ჩართულობის წინააღმდეგია

08.03.21 13:37
მორალურად მიუღებელია -  ოპოზიციის ნაწილი  მოლაპარაკებებში პრემიერის ჩართულობის წინააღმდეგია

ოპოზიციის ნაწილისთვის ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა მორალურად მიუღებელია.  ამის მიზეზი ის სკანდალური აუდიოჩანაწერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც ირაკლი ღარიბაშვილია.

 დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო თანამეგორობა ყურად იღებს და ასეც არის, იმ ძალიან მძიმე ფაქტს და მოვლენას, რომელსაც გუშინ წინ ჰქონდა ადგილი ტვ პირველის სიუჟეტში, ამიტომ, შესაბამისად, მოლაპარაკებებზე არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.

კატეგორიულად მიუღებელია ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებებში ჩართულობა პარტია „ლელოსთვის“.  

სანამ ყველა კითხვის ნიშანზე არ იქნება პასუხი გაცემული,  ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი და „ლელოს“ მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს, -  ამბობს „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე.

ამ აზრს არ იაზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია. ბოკერიას განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან მოხდება შეთანხმება ხელისუფლების მშვიდობნიანი გზით გადაბარების თაობაზე.

ვის დაველაპარაკებით მათი წასვლის ისეთ ფორმაზე, რომელიც არის ქვეყნის ინტერესში, ანუ ნაკლები ზიანი და ნაკლები რისკით ქვეყნისთვის და ეს ნაკლები რისკით წასვლა არის არჩევნებით წასვლა და ამ არჩევნების ნებასთან შეგუება. აქ მე არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვთ ზოგიერთ ადამიანებს. ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე, თუ ისტორიული პარალელები გვინდა, არა  იდენტური, შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს, - აცხადებს ბოკერია.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

 მივა თუ არა ოპოზიცია საერთო აზრამდე, ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ვინც არ უნდა მივიდეს შეხვედრაზე, მათი მოთხოვნები და ერთიანობა არ დაირღვევა.

ოპოზიცია საათზე მეტია,  "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში სათათბიროდაა  შეკრებილი.