ჩვენს ტყვეებში უნდა გადაეცვალათ - ხურვალეთელები რუსი ოკუპანტების გათავისუფლებაზე

08.03.21 13:58
ჩვენს ტყვეებში უნდა გადაეცვალათ - ხურვალეთელები რუსი ოკუპანტების გათავისუფლებაზე

ქართველი სამართალდამცავების მიერ რუსი ოკუპანტების დაკავების და შემდეგ გათავისუფლების ფაქტს ხურვალეთის მცხოვრებლები ეხმაურებიან. ადგილობრივები ცენტრალურ ხელისუფლებას გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ და  ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეეები  ქართველ ტყვეებში უნდა გადაეცვალათ.

ოკუპანტი, რომელმაც ხუთასი მეტრი სდია ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენს თანამემამულეს, ჩვენს თანასოფლელს, დაიჭირა, აიყვანა პოლიციამ და უკან გაუშვა. მითხარით, რას ნიშნავს ეს? რა უნდა ექნა პოლიციას და მოეკიდა ხელი და უნდა ესენი აეყვანა და უნდა გაეცვალა ზაზა გახელაძეში და ზაზა გახელაძის გარდა კიდევ სამი ჩვენი თანამემამულე ზის ცხინვალის ციხეში და იტანჯება, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა. მისი თქმით, ეს ქართველი მოქალაქეების საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დახსნის შანსი იყო, რომელიც ხელიდან იქნა გაშვებული.

ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთმნიოშვნელოვნად არის სამარცხვინო. ოკუპანტების , პირველ რიგში, დაკავება იყო ძალიან სწორი ქმედება, რომელსაც ჩვენ მთელი საზოგადოება მივესალმებოდით, თუმცა მოხდა მათი ფაქტობრივად, ეგერევე გაშვება. იმის ნაცვლად, რომ გაეჩერებინათ, დაეკავებინათ რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები და გამოეყენებინათ შემდგომში ოკუპანტები გადაცვლაში. შეგახსენებთ, რომ ხუთი ჩვენი მოქალაქე იმყოფება ოკუპანტების ტყვეობაში, ამის ნაცვლად ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ეგრევე გაათავისუფლა ოკუპანტები.

უპრინციპო გადაწყვეტილება იყო პირველ რიგში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები კვლავ დარჩებიან ტყვეობაში და მათი დახსნის შანსი, რომელიც გაჩნდა გუშინდელი შემთხვევით ხელიდან გავუშვით, - ამბობს ქაცარავა.

ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებული მესაზღვრეები გუშნ დააკავეს. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი მესაზღვრე ტრაქტორისტის მოსატაცებლად გადმოვიდა.