რა უნდა გამოიძიონ, თავიანთ თავს ხომ არ გამოიძიებენ - ელენე ხოშტარია

08.03.21 15:40
რა უნდა გამოიძიონ, თავიანთ თავს ხომ არ გამოიძიებენ - ელენე ხოშტარია

დანაშაულის ჯგუფურად დაგეგმისა და შესრულების დამადასტურებელი,  კონკრეტული თანამდებობის პირების მამხილებელი ჩანაწერების გამოქვეყნებიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ მთავარი ფიგურანტები ისევ დუმილის რეჟიმში არიან. ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე თანამდებობებს ინარჩუნებენ. გამოძიება არც დაწყებულა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებები სისხლის სამართლის დანაშაულს ხელს აფარებენ. გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი და ჩუბინიძე უნდა გადადგნენ.

ნორმალურ ქვეყანაში არც დაჭირდებოდა ოპოზიციის მხრიდან სარჩელის შეტანა ასეთ საკითხს, გამოძიება ავტომატურად იქნებოდა დაწყებული, ხანდაზმულობის ვადას გარეწრულ და უღირსი ქმედებების მიმართ მნიშვნელობა არა აქვს, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ელენე ხოშტარიას გამოძიების დაწყების იმედი არა აქვს. 

რა უნდა გამოიძიონ, თავიანთ თავს ხომ არ გამოიძიებენ, აქ ჩამოშლილია ინსტიტუციები, ნორმალური წესები ჩამოშლილია, რა თქმა უნდა, ასეთი პრემიერი არ უნდა გყავდეს, მაგრამ მთლიანად სისტემა უნდა შეიცვალოს - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის ეთერში შაბათს, 6 მარტს, გავიდა.