ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ, დანარჩენი კი გამოიძიონ - გია ხუხაშვილი

09.03.21 14:45
ჟურნალისტებს ვერ დაიჭერენ, დანარჩენი კი გამოიძიონ - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ სკანდალური აუდიოფაილების საქმეზე დაწყებული გამოძიება აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია.  ხუხაშვილს მიაჩნია, რომ პროკურატურა ჟურნალისტებს ვერ დაიჭერს,  საქართველოს პრემიერ-მინისტრს კი, როგორც მინიმუმ, უფლებამოსილებას შეუჩერებენ.

 

სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა.
ჟურნალისტებს, ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოსთხოვენ.
დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია, უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.
რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა, თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია, თვითონ გააკეთოს. - ამბობს ექსპერტი.     

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი და გაირკვევა საქართველოს პროკურატურის ინტერესის საგანიც.


რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.  

განცხადება სკანდალური აუდიოფაილების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურამ დღეს გაავრცელა.