ბერას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირება ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო - ანზორ ჩუბინიძე

09.03.21 16:44
ბერას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირება ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო - ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, ადასტურებს, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ის ფიგურირებს. ჩუბინიძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში აცხადებს, რომ 2010-11 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ხელმძღვანელი იყო და ბერა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებზე რეაგირება მის პირდაპირ მოვალეობას შეადგენდა.  

2010-2011 წლებში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური. იგივე მშობელი დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს... აღნიშნული პიროვნება ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ ტვ პირველის ეთერით გასული მასალა 2010-11 წლებს მოიცავს.  ტვ პირველის ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ აუდიოფაილში იმ დროსა და ფაქტებზეა საუბარი,  როცა ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან.