ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა - პაპუაშვილი "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე"

10.03.21 15:20
ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა - პაპუაშვილი "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე"

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook ჯგუფ "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას" კიბერ-ბულინგში ადანაშაულებს. პაპუაშვილი ჯგუფის წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ "ჰეითერობა სირცხვილია". პაპუაშვილი ასევე  ამტკიცებს, რომ ჯგუფს ერთ-ერთი პარტია მართავს. 

არის ასეთი ფეისბუკჯგუფი "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება". "აპოლიტიკური" ჯგუფი, რომლის ადმინიც ორგანიზაცია "სირცხვილია" და რომელშიც მოწოდებებს პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ... ყოველ შემთხვევაში, ჩემს ფეისბუკგვერდზე შემოსევის ბრძანება ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა გასცა - წერს პაპუაშვილი.

 პაპუაშვილი ჯგუფის წევრებს "პრონწკებად" მოიხსენიებს და მათ ტროლობაში ადანაშაულებს. 

დიდი ჯგუფია. პრონწკი. ყველანი იქ სხედან. ყველა, ვინც გარეთ მშვიდი გამომეტყველებით ადამიანზე, უფლებებზე, დემოკრატიაზე, სტრასბურგებზე და სტანდარტებზე გველაპარაკება. სინამდვილეში, იგივე მშვიდი გამომეტყველებით მონაწილეობენ კონკრეტული ცოცხალი ადამიანის სამიზნედ ამოღებაში, ჯგუფის წევრების ზიზღით დამუხტვაში, ადამიანზე სიტყვიერი თავდასხმის დაგეგმვაში, დატროლვის ტაქტიკის დალაგებაში, ზომბებივით სოციალური ქსელის პროფილებზე შესევაში და ცოცხალ-მკვდარის ამოტრიალებაში - წერს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილის ამ განცხადების შემდეგ ჯგუფს სახელი შეეცვალა და თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება დაერქვა.