პროკურატურის მიზანი არა ფაქტების მოკვლევა, არამედ წყაროზე გასვლაა - ნოდარ მელაძე

11.03.21 11:55
პროკურატურის  მიზანი არა ფაქტების მოკვლევა, არამედ წყაროზე გასვლაა - ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების შესახებ სასამართლო განჩინებას ეხმაურება. საქმე ეხება სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, რომელიც 6 მარტს ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა.

ნოდარ მელაძის თქმით, ჩნდება განცდა, რომ საგამოძიებო უწყებების ინტერესს არა აუდიოჩანაწერში გაჟღერებული ფაქტების მოკვლევა, არამედ   წყაროს გარკვევა  წარმოადგენს. მელაძე ამბობს, რომ წყაროს გაუთქმელობასტან დაკავშირებით ჟურნალისტებს კანონი იცავთ. 

მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანი არის როგორმე პირდაპირი, ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, ჟურნალისტების, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი, როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს წყაროს შესახებ ინფორმაცია, ასევე არანაირი ირიბი მინიშნება არ მივცეთ წყაროსთან დაკავშირებით, - ამბობს  მელაძე.

სასამართლოს განჩინება "ტვ პირველში" გუშინ შემოვიდა. პროკურატურა ტელეკომპანიას გაურკვეველი წარმოშობის კონვერტს და ელექტრონული მატარებლის გადაცემას სთხოვს.