სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ - "სტრატეგია აღმაშენებელი"

11.03.21 16:01
სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ - "სტრატეგია აღმაშენებელი"

„სტრატეგია აღმაშენებელი" სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების ნება მიეცა, პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევს უწოდებს. "ტვ პირველში" პროკურატურის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ  პროკურატურას ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შესვლის უფლება მისცა.

„ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან, იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით ჟურნალისტს აქვს უფლება, არ გაამხილოს წყარო, რაც ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაა განმტკიცებული.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან! -  მიმართავს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ  სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მასალების  ამოღების უფლება მიეცა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს, ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენოს  პროპორციული ზომა.

მსგავსი სიახლეები