სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაკ კი არ აკმაყოფილებს - ნინო ლომჯარია

11.03.21 19:10
სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაკ კი არ აკმაყოფილებს - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას,  განცხადებით, სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

სასამართლოს  ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს", — აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხოლოდ გამოძიების ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედა და  საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს პროკურატურა ჟურნალისტის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს დადგენას.

კონვენციის მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების, დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა - არნიშნავს ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.