უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე - კობახიძე ,,პრაიდის" კვირეულის წინააღმდეგ

17.06.21 23:33
უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე - კობახიძე  ,,პრაიდის" კვირეულის წინააღმდეგ

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თვლის, რომ  პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს. განცხადება ხელისუფლების წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა. 

მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე", - თქვა კობახიძემ. 

"ოცნების" თავმჯდომარის შეფასებას გრიგოლიას კითხვა მოჰყვა:  - "ეკლესიას უგორებთ კოჭს? ვასაძის მუქარას ექვემდებარებით?", რაზეც პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს იქნებოდა განმსჭვალული გადაწყვეტილება.

მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება. ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ",- აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, მოძრაობა "ერის" დამფუძნებელი, ჰომოფობიური განწყობების მქონე ბიზნესმენი,  ლევან ვასაძე, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ,,პრაიდის" გაუქმებას მოითხოვს. ვასაძე მთავრობას "პრაიდის" გასაუქმებლად 10 დღიან ვადას აძლევს.   

ცნობისთვის,  1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართება.