სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა - თალაკვაძე

12.03.21 18:27
 სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა - თალაკვაძე

 სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა  -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან, შეხვედრის შემდეგ თქვა.

ჩვენ მიგვაჩნია, სწორი იქნება, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და როგორც იცით, იმ საკითხების ჩამონათვალშიც კი, რომელიც ოპოზიციამ ბატონ მიშელთან დააყენა, რამდენიმე საკითხი აუცილებლად მოითხოვს ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დეტალებზე დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ, განა იმიტომ, რომ არ გვაქვს ამაზე პასუხები და არ შეგვიძლია საუბარი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ დიალოგის პროცესს და არ გვსურს, რომ წინასწარი განცხადებებით რაიმე დავაზიანოთ. რამდენიმე დღეში გექნებათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მათ შორის საკითხებზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, თუ რაზე შედგება შეთანხმება და რაზე ვერა, პირველი თქვენ გაიგებთ, – თქვა თალაკვაძემ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ოპოზიციის ნაწილს ხვდება.