ჩვენზე თავდასხმა და გამომძიებელი ჟურნალისტების განეიტრალება ივანიშვილის ინტერესებში შედის - ნოდარ მელაძე

15.03.21 17:27
ჩვენზე თავდასხმა და გამომძიებელი ჟურნალისტების განეიტრალება ივანიშვილის ინტერესებში შედის - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, შსს-ში გამოკითხვაზე შევიდნენ. მათ უფლებებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე დაიცავს. ნოდარ მელაძემ შესვლამდე განაცხადა, რომ მათი სიცოცხლის განეიტრალებთ დაინტერესებულია მმართველი პარტია და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

 ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ ღია მუქარები ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფის შესახებ. ჩვენზე თავდასხმა და გამომძიებელი ჟურნალისტების განეიტრალება შედის ,,ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რადგან ღია მუქარები მისი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მოდიოდა - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ გამოძიება ფორმალური ხასიათის იქნება.

 ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც ფორმალური ამბავი, რადგან სანამ ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში რამოდენიმე მოწოდება არ გააკეთა, პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო, მე მაინტერესებს, თავად ლევან მამალაძე თუ დაკითხეს, თუ რას ეყრდნობოდა მისი ინფორმაცია, თორემ ჩვენი დაკითხვა ბევრს არაფერს მისცემთ - აღნიშნა მაკა ჩიხლაძემ.

შიდა ქართლის ყოფილმა გამგებელმა, ლევან მამალაძემ, რომელიც დიდი რაოდენობის თანხის მიტაცებაშია ეჭვმიტანილი და რუსეთში იმყოფება, ერთი კვირის წინ ტვ იმედის  ეთერში განაცხადა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს ჟურნალისტების მკვლელობას, რათა საქართველოში არეულობა და რევოლუცია მოაწყოს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 13 მარტს კი ბერა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე კონტარი გამოაქვეყნა, სადაც ნოდარ მელაძესა და მის ოჯახს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა.