საქართველოში 10 404 მოზარდი სწავლის გარეშეა დარჩენილი - საგანგაშო სტატისტიკა

16.03.21 11:53
საქართველოში 10 404 მოზარდი სწავლის გარეშეა დარჩენილი - საგანგაშო სტატისტიკა

განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები - საქართველოში ასობით ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია. 10 404-ი მოზარდი წლებია, სწავლის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, უძიმესი სოციალური პირობები და უკიდურესი გაჭირვებაა.

მონაცემებს განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების შესახებ  განათლების სამინისტრო ასაჯაროვებს. სწავლის გარეშე დარჩენილი 6 დან 16 წლამდე მოზარდების იდენტიფირება უწყებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ექსპერტები განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების საკითხს ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ. ისინი სამინისტროს მხრიდან კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც მოზარდები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

სპეციალისტები მოზარდების კრიმინალიზაციის რისკებზეც საუბრობენ. მათი თქმით, როდესაც ბავშვი საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული არ არის, მისი აქტივობა სკოლის გარეთ იზრდება.

უპირველესი მოვალეობა და პრიორიტეტი განათლების სამინისტროსთვის უნდა იყოს ბავშვების განათლების მიღების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბავშვის უფლება, მაგრამ ამავდროულად, ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება იმაზე, რომ აი, ამ ბავშვების კრიმინალიზაციის ძალიან სერიოზული რისკები არსებობს, იმიტომ, რომ როცა მოზარდი არ არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, იზრდება მისი აქტივობა სკოლის გარეთ, რაც ქმნის კრიმინალიზაციის მაღალ რისკს და შესაბამისად, ქვეყანაში კრიმინალის მატებას, - ამბობს ექსპერტი, ნინო კვიტაიშვილი.  

განათლების სამინისტროში ახლა მზადდება გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადანაწილდნენ ბავშვები სკოლაში და ასევე, როგორ უნდა გადამზადდნენ პედაგოგები, რომლებმაც მოზარდებს განათლების მიღების საშუალება  უნდა მისცენ.

მსგავსი სიახლეები