გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის, საქართველოს არჩევანს არ შეესაბამება - ანრი ოხანაშვილი

17.03.21 12:07
გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის, საქართველოს არჩევანს არ შეესაბამება - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ევროპელი კოლეგები ქართული ოპოზიციის არჩევანს არ იწონებენ. ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალია.

 

ბრიუსელიდან გზავნილებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის და გამოხატავს პოზიციას არადემოკრატიული მეთოდებით, საქართველოს არჩევანს არ შეესაბამება. ევროპელი პარტნიორები ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ.
დასკვნა მარტივია - ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართებოდეს, ხოლო პროცესების საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით წარმართვა არც ევროპის და არც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რადგან ეს არ არის გზა დემოკრატიისაკენ. პირიქით, ეს ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი პარტნიორები ასეთი ფორმით სვლას არ იწონებენ - წერს ანრო ოხანაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

 

ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე ამოიწურა ყველა კითხვა, რაც საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო დასმული.


თუკი ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს არჩევნების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუტებისადმი სვამენ, არ ენდობიან ევროპელ დიპლომატებს და არ ენდობიან ისეთ ინსტიტუციას, როგორიცაა ეუთო/ოდირი. არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ყველა ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა და იყო დემოკრატიული - აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები