ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია - ოპოზიცია

17.03.21 14:39
ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია - ოპოზიცია

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც არჩევნების ჩატარებას 2024 წელს აანონსებს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. 

მიგვაჩნია, რომ კრიზისი როდესაც შექმნილია, ამაში ხელისუფლებაა, პირველ რიგში, პასუხისმეგებელი და კრიზისიდან გამოსვლაზეც სწორედ ხელისუფლებაა, პირველ რიგში, პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე,  სრულად ვიზიარებ ბატონი ბორელის მოსაზრებას. ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ ჩვენ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, - ამბობს ჯაფარიძე.  

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე ირაკლი ღარიბაშვილს ნომინალურ პრემიერს უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნების ვადა მოლაპარაკებების შედეგად შეიცვლება.

ღარიბაშვილი არ არის  მთავარი გადაწყვეტილების მიმღები  პირი სამწუხაროდ საქართველოში. ნომინალური პრემიერ-მინისტრია. მეორე, მან თქვა, რომ კონსტიტუციაში ასე გვიწერია და ნამდვილად ასე წერია, 2024-ში და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ეს ვადაც შეიცვლება, - აცხადებს ჩიხლაძე.

„ქართულ ოცნებაში“ კი პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებენ. მმართველი პარტიის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტიელებას არ მიიღებს.

ყველა მხარესთან მიმართებაში არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერცს კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული არცევნები როდის ტარდება და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო, - აცხადებს ოხანაშვილი.