პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში - პრემიერი ოპოზიციას მიმართავს

17.03.21 16:39
პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში - პრემიერი ოპოზიციას მიმართავს

ევროკავშირის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერები იკრიბებიან.   კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.  პარალელურად ბრიუსელიდან განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრიუსელში შეხვედრები ნაყოფიერად მიმდინარეობს და ევროპარლამენტარების საერთო რჩევაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. 

დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან, ყველას საერთო, ასე ვთქვათ, კონსოლიდირებული, რომ შევაჯამოთ, საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველა პოზიცია, არავის დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი ამ რჩევას გაითვალისწინებს და პარლამენტის მუშაობას შეურთდება.  

ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა იმ კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის მომავალი იყოს უეკეთესი, - განაცხადა ღარიბაშვილმა.