ხავსი დაინახეს და უნდათ ამ ხავსს ჩამოეკიდონ - "ოცნება" ოპოზიციაზე

17.03.21 17:27
ხავსი დაინახეს და უნდათ ამ ხავსს ჩამოეკიდონ - "ოცნება" ოპოზიციაზე

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. საქმე ეხება  ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას, რომელზეც კორესპონდენტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „რთულად“ მიმდინარეობდა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია ხავსზე ჩაჭიდებას ცდილობს. მისი განმარტებით, შეხვედრაზე განხილვის თემები იყო მნიშვნელოვანი და თუ უცნობი წყარო ამით სპეკულირებს, როდესაც შეხვედრის რთულად მიმდინარეობაზე საუბრობს, ეს პოლიტიკური თამაშია. 

რაღაც ხავსი დაინახეს აი, ამ მდინარეში და უნდათ, რომ აი, ამ ხავსს ჩამოეკიდონ, რომ ზედაპირზე შეინარჩუნონ ტივტივი. რასაკვირველია, თემები იყო მნიშვნელოვანი, არ უკავშირდებოდა მარტო არჩევნებს, ეს იყო უშიშროების თემა, უსაფრთხოების თემა, რეგიონალური გამოწვევების თემა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების და ეს თუ უცნობი წყარო ასახელებს ამას როგორც მოთხოვნებს და იმის დამკვიდრებას ცდილობს, რომ აქ რაღაცა არ არის წესრიგში, რასაკვირველია, ეს პოლიტიკური თამაშია, - ამბობს ვოლსკი. 

„ქართული ოცნების“ წევრს, მამუკა მდინარაძეს კი, წყაროს არსებობის არ სჯერა და ამბობს, რომ მსგავს „წყაროებზე“ დაყრდნობით ინფორმაციების გავრცელება ბოლო დროს გახშირდა. 

ამ ბოლო დროს გახშირდა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციების გავრცელება. ანი, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება და ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ, პოზიტიური დღის წესრიგი ასოცირების ხელშეკრულებაზე, მოლაპარაკებებზე და მის სავარაუდო მოსალოდნელ შედეგებზე, ამ დროს როდესაც ჩნდება ე.წ. წყარო, რამდენად დამაჯერებელია, მემგონი თქვენთვისაც ცხადია. წყარო არ ვიცი, თუ ჩამწერი აქვს დამონტაჟებული რომელიმე ჟურნალისტს, ყოჩაღ!, - აცხადებს მდინარაძე.
 

მსგავსი სიახლეები