ჩაშლილ მოლაპარაკებებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს - ოპოზიცია

19.03.21 16:00
ჩაშლილ მოლაპარაკებებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს - ოპოზიცია

ჩაშლილ მოლაპარაკებებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არ აპატიებს, - ასე ფიქრობს ოპოზიცია. უშედეგოდ დასრულებული მსჯელობის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ  მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას დიდი დარტყმა მიაყენა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიმართ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ. 

დავინახეთ ჩვენ „ქართული ოცნების“ რეალური სახე და დაინახეს ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნირებმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკა, რომელსაც ისინი განახორციელებდნენ ხელისუფლებასთან მიმართებაში იქნება ადეკვატურად კალიბრირებული აი, ამ რეალობის შესაბამისად, - ამბობს სამადაშვილი.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან  მძაფრი კრიტიკის იმედი აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრს, დავით ბაქრაძესაც. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებას  მხოლოდ მუქარის და სანქციების ენით საუბარი ესმის, რასაც აუცილებლად მიიღებს. 

მძაფრი ნაბიჯები და კრიტიკა გაგრძელდება დასავლეთიდან, ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ჩვენი ამოცანა ეს არ ყოფილა, ჩვენი ამოცანა იყო შეთანხმებისთვსი მიგვეღწია და ქვეყანა კრიზისიდან გამოგვეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ესმის „ქართულ ოცნებას“ ეს გახლავთ პირდაპირი ძალით, სანქციებით, მუქარის, მკაცრი ტონით საუბარი. ამას მიირებენ აუცილებლად უახლოეს მომავალში ბრიუსელიდანაც და ვაშინგტონიდანაც, - განაცხადა ბაქრაძემ. 

 

პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ დასავლეთმა კარგად იცის ვის ხელშია კრიზისის მოგვარების გასაღები. 

მედიატორებმა კარგად დაინახეს, თუ როგორი კონსტრუქციულია და როგორი კომპეტენტურია  ოპოზიცია და როგორ მზად არის ის შეთანხმებისთვის და ამიტომ, რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“ , ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად იციან ვისი მიზეზით არის კრიზისი, ვის ხელშია კრიზისის გასაღები გადაჭრის და ვინ აფერხებს შეთანხმების პროცესს, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

4 საათზე ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში  შეიკრიბება. ისინი სამომავლო გეგმებსა და ნაბიჯებზე იმსჯელებენ.