გაფრთხილება ევროკავშირიდან: ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას

14.04.20 20:16
გაფრთხილება ევროკავშირიდან: ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - აცხადებს ელჩი.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, 20 ივნისის საქმეზე გუშინ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა:

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.