დათა პაპას ხვალ დაკრძალავენ - ხურვალეთში ოპოზიცია და აქტივისტები ჩავიდნენ

21.03.21 13:30
დათა პაპას ხვალ დაკრძალავენ - ხურვალეთში ოპოზიცია და აქტივისტები ჩავიდნენ

რუსეთის მიერ ორად გაყოფილ ხურვალეთში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.დათა ვანიშვილის ოჯახი დილიდან სამძიმარს მავთულხლართებთან იღებს. ხურვალეთში ჩავიდნენ ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

დათა პაპა ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი ქართველი, რომელიც უფრთხილდებოდა თავის მამაპაპისეულ მიწას, თავის ქართველობას და იყო მისი მაგალითი ბევრისთვის მისაბაძი, რომ უბრალოდ ადამიანსაც შეუძლია საქართველოსთვის ბევრად მეტი გააკეთოს ვიდრე ის ფიქრობს - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი  დავით ქაცარავა იხსენებს, რომ დათა პაპამ ქართული პასპორტი ბოლომდე არ დათმო და ამით გმრობის მაგალითი მისცა მთელ ქვეყანას.

ჩემთვის სამოქალაქო გმირობის მაგალითია, დათა პაპა იყო ის ადამიანი ვინც გაუძლო საოკუპაციო რეჟიმის წნეხს, წლების განმავლობაში მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას უნდა დაეთმო საქართველოს პასპორტი და აეღო ოკუპანტების პასპორტი, მაგრამ ბოლო წუთამდე მან ეს არ გააკეთა და ეს ადამიანი ღიად ებრძოდა საოკუპაციო რეჟიმს - ამბობს დავით ქაცარავა.

ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშვილი 19 მარტს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დათა პაპას საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.