"სამწუხარო შეცდომა მოხდა" - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბოდიშს იხდის

22.03.21 13:17
"სამწუხარო შეცდომა მოხდა" - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბოდიშს იხდის

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი  გუშინ, სოციალურ ქსელში  გავრცელებული რუსი სამხედროს  ფოტოს გამო ბოდიშს იხდის. დავით სუჯაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში  "სპუტნიკ რუს" ფოტოთი ქართველი მესაზღვრეებისთვის  პროფესიული დღე მას არ მიულოცია და შეცდომა მისი გვერდის  ადმინისტრატორმა დაუშვა, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა. 

სამწუხარო შეცდომა მოხდა, პიარი დაგვიკავშირდა, გადავხედე ამ პოსტს შემდგომ, მერე გადავწყვიტე, რომ წაგვეშალა, ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, ეს ბუნებრივიცაა, კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანაა და სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს პროცესი - თქვა სუჯაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მითების დეტექტორმა" დაადგინა, რომ ამ ფოტოს მოძებნა მხოლოდ რუსული საძიებო სისტემით ხდება. ფოტო კი "სპუტნიკ.რუს" ეკუთვნის.

რუსი  სამხედროს ფოტო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის Facebook-ის პირად გვერდზე გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში  იდო, თუმცა როცა Facebook მომხმარებლებმა  ის  კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, სუჯაშვილმა ფოტო წაშალა.